logo
ENG



"ეს იქნება გრძელი და დამღლელი მარათონი" - გიორგი თარგამაძის პოსტსაარჩევნო Op-Ed

05 ნოე 202016:32
3 წუთის საკითხავი
 
yinop3etio8j8ww.jpg

შეხვალ, ინანებ, არ შეხვალ, ინანებო... დაახლოებით ასეთ მდგომარეობაშია დღეს ოპოზიცია, რადგან ქართული ხელისუფლებებისთვის ქრონიკულ აშლილობაში გადაზრდილი ძალაუფლების ბულემიის გამო, რომელსაც შესატყვისად არცთუ მშვენიერი, მაგრამ მრავლისმთქმელი ქართული სიტყვა - ღორმუცელობა შეესაბამება, არჩევანი დადგა საქართველოს თურქმენიზაციასა და რევოლუციას შორის.

შესაბამისად პარლამენტში შესვლითაც და არშესვლითაც საბოლოო შედეგამდე იმდენად გრძელი და წინააღმდეგობებით სავსე გზაა, რომ შესაძლებელი და დიდი შანსიცაა, ორივე შემთხვევაში ინანოს ოპოზიციამ. თუმცა, რადგან გადაწყვეტილება მიღებულია და ოცნების ოპონენტები ერთსულოვნად უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე, ვისაუბროთ იმ სირთულეებზე, რომელიც ამ გზას ახლავს თან.

ოპოზიციური სპექტრის არჩევანი და ამოცანა გასაგებია: მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, პარლამენტში ოცნების  მარტო დატოვება, საბჭოთა დროის კომუნისტური პარტიის მსგავსად, სიგნალი იქნება, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ პოლიტიკური სპექტრი და მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აღიარებს გაყალბებულ არჩევნებს, უარს ამბობს ავტორიტარიზმსა და ერთი კაცის მმართველობაზე და ბოლომდე და პრინციპულად იბრძოლებს რიგგარეშე სამართლიანი არჩევნებისთვის.

ოცნების ხელისუფლება კი ვერ გაუძლებს ასეთ წნეხს, უკონტროლო პანდემიას, უმძიმეს ზამთარს, ეკონომიკურ კრიზისს და იძულებული გახდება დათმოს. შედეგი მიღწევადია, თუმცა აშკარაა, რომ ამისთვის ოპოზიციას, გრძელვადიან, უპრეცედენტო ერთიანობასთან ერთად, ძლიერი სახალხო და საერთაშორისო მხარდაჭერა დასჭირდება.

რადგან ვთანხმდებით რომ ეს გრძელი გზაა, პირველი და მთავარი გამოწვევა ერთიანობის შენარჩუნება იქნება. გასაკუთრებით მაშინ, თუ ქართულმა ოცნებამ შანტაჟი რეალობად აქცია და ისინი სახელმწიფო დაფინანსების გარეშე დატოვა. ძნელია, რომ 8 პოლიტიკურმა ძალამ და მათმა წევრებმა, რომელთაც განსხვავებული პოლიტიკური ამოცანები, ფინანსური მდგომარეობა თუ ხედვები აქვთ, საპარლამენტო მანდატების ცდუნებას ბოლომდე გაუძლონ. და თუ რომელიმე მათგანი მაინც შევა პარლამენტში, ეს უკვე იქნება გეგმის კრახით დასასრული.

თუ ოპოზიციური ერთსულოვნება შენარჩუნდა და ოცნება სრულად მარტო დარჩა პარლამენტში, ბუნებრივია, საკანონდებლო ორგანოს პოლიტიკურ ლეგიტიმაციას სერიოზული პრობლემა ექნება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. თუმცა ის კანონიერი იქნება და ფუნქციონირებას შეძლებს. დასავლეთისთვის ურთულესი იქნება არჩევნების შედეგების არაღიარება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რადგან გაყალბებული არჩევნები და მისი გასწორების ლეგალური მექანიზმის არარსებობა, ცხადი დასტური იქნება იმისა, რომ საქართველო ახალგაზრდა დემოკატია კი არა, ახალგაზრდა ავტოკრატიაა, რაც თავად ვაშინგტონსა და ბრიუსელს ჩააყენებს მინიმუმ სასაცილო მდგომარეობაში, რადგან დასავლეთი, ჩვენ წასახალისებლად, უამრავი ხარვეზის მიუხედავად, ლამის ათწლეულია ამტკიცებს, რომ საქართველო რეგიონის ლიდერი და დემოკრატიის შუქურაა. 

ამიტომ, თუ ოპოზიციას დასავლური მხარდაჭერის მოპოვება და შენარჩუნება სურს, მან მაქსიმალურად უნდა ამოწუროს სამართლებრივი მექანიზმები, იმის ცხადად დასადასტურებლად, რომ არჩევნების გაყალბებას მასშტაბური ხასიათი ჰქონდა და მხოლოდ ამის შემდეგ ან პარალელურად დააყენოს პოლიტიკური მოთხოვნები.

პარალელურად, ქუჩა უნდა დუღდეს და იმისთვის, რომ აქციებმა შედეგი გამოიღოს, ამას სჭირდება ფინანსური რესურსი, კარგად გამობრძმედილი აქტივისტები, მოსახლეობის უმრავლესობის თანაგრძნობა და უმცირესობის თავგანწირვა, ამ ყველაფრის დროში გაწერა და კარგად ორგანიზება, რამაც სერიოზული დისკომფორტი უნდა შეუქმნას როგორც პირადად ივანიშვილს, ასევე ოცნების ხელისუფლების ბევრ წევრს. ამისათვის კი საჭიროა, რომ დემონსტრაცია მშვიდობიანი, თუმცა აგრესიული იყოს.

აქ კი დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან თუ მშვიდობიანი პროტესტი რაიმე ფორმით ძალადობაში, სამთავრობო შენობებში შეჭრასა თუ მათ დაკავებაში გადაიზრდება, ეს მყისვე შეფასდება კრიმინალურ ქმედებად, არა მარტო ხელისუფლების, არამედ დასავლელი აქტორების მხრიდანაც, რაც ოცნების მთავრობას ხელ-ფეხს გაუსხნის, უკვე ძალოვანი უწყებების დახმარებით ჩაახშოს მუხტი და საჭიროების შემთხვევაში, დააპატიმროს ოპოზიციის ლიდერები. 

ასეთ შემთხვევაში, ოპოზიციის წარმატება უკვე იმაზე იქნება დამოკიდებული თუ პოლიცია და ჯარი უარს იტყვის ბრძანებების შესრულებაზე, რაც დღევანდელ ვითარებაში ნაკლებად რეალურია. 2003 წლისგან განსხვავებით, ეს სტრუქტურები, მიუხედავად კრიმინალთან ოცნების სპეციფიკური დამოკიდებულებისა, არც მაშინდელივით დემორალიზებულია,  მატერიალურადაც კარგადაა უზრუნველყოფილი, ხელიუსფლებისადმი ლოიალობასაც ინარჩუნებს და მეტ-ნაკლებად ეფექტურად ფუნქციონირებს.

ცხადია, რომ ეს იქნება გრძელი და დამღლელი მარათონი, რომელშიც საბოლოოდ ის მხარე გაიმარჯვებს, რომელსაც ექნება არა მარტო მორალური უპირატესობა, არამედ ფინანსები, გამძლეობა, თავგანწირვა, მოტივაცია და სახალხო და საერთაშორისო მხარდაჭერა. თუმცა, რაც უფრო დროში გაიწელება ეს პროცესი, მით მეტად იზარალებს ქვეყანაც და მოსახლეობაც.

არსებობს ბევრად მარტივი,  მოკლე და შედარებით უმტკივნეულო გზაც, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარნტიორები, რომლებსაც ასე ადარდებთ საქართველოს დემოკრატიული მომავალი და რომლებმაც წარმატებით აიძულეს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეთანხმებამდე მისულიყვნენ 8 მარტს, კვლავ დროულად ჩაერთვნენ პროცესში:  დასვან მოლაპარაკების მაგიდასთან პოლიტიკური აქტორები, აიძულონ ცესკო სამართლიანად და გამჭვირვალედ გადათვალოს სადავო უბნები, გააუქმოს ის, რაც გასაუქმებელია და მოახდინოს არჩევნების შედეგების იმგვარად კორექტირება, რომ ის დიდწილად გამოხატავდეს ამომრჩევლის განწყობებს.

აი, შემდეგ კი უკვე მეორე ტურს დააკვირდნენ გამადიდებელზე უფრო გამადიდებელი შუშით.  თუმცა ეს რომ ასე მოხდეს, დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, მიუხედავად პოლიტიკური სიმპატიებისა, რას ფიქრობს ამაზე თავად ხალხი. მიაჩნია, რომ სამართლიანი არჩევანისთვის ბრძოლა მარტო პარტიული აქტივის საქმეა, თუ ყველა ჩვენგანის, რასაც 8 ნოემბერს, დღის 3 საათზე ნათლად დავინახავთ, ან, უფრო სწორად, დაგვინახავენ.


close დახურვა